რატომ არის რუსეთი ისევ უფრო “ახლოს”

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სტატისტიკის მიხედვით, 2010-17 წლების მონაცემებით, საქართველოდან ყველაზე მეტი ემიგრანტი, 450,539 მოქალაქე კვლავ რუსეთშია. 

ნაზი ანთაძე

ნაზი ანთაძე მკერავია. სახლში პატარა სამკერვალო გახსნა და ადგილობრივებს ტანსაცმელს უკერავს.  როგორც ჩანს კერავდა, როცა დავურეკეთ. საკერავი მანქანის ხმაურში ტელეფონის ხმა არ ესმის… კითხვის მოსმენის შემდეგ რამდენიმე წამით ყოვნდება  და გვეუბნება, რომ ევროკავშირის მხარდამჭერ პროგრამებზე ინფორმაცია არ აქვს. „ალბათ ისე არ ვრცელდება მუნიციპალიტეტში ინფორმაცია, რომ ყველამ გავიგოთო“ გვპასუხობს და ამატებს, რომ ევროპაში სამუშაოდ ძირითადად მომვლელად და ქარხნებში სამუშაოდ დადიანო. რაც შეეხება სავიზო ლიბერალიზაციას ამბობს: „რაღაც მხრივ კარგია, რადგან ვიზა ძვირია და ჩვენ შედარებით იაფად ვიმოგზაურებთ, თუმცა უარყოფითია, რადგან სამი თვის შემდეგ ვალდებული ხარ უკან დაბრუნდე.“

სამცხე-ჯავახეთში, ისევე ,როგორც დანარჩენ საქართველოში მოსახლეობისთვის ემიგრაცია ზოგჯერ საარსებო ფულის გამომუშავების ერთადერთი საშუალებაა. რა იცის ადგილობრივმა მოსახლეობამ უცხოეთში ლეგალური დასაქმების და სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ და რომელ ქვეყნებს ირჩევენ ისინი სამუშაოდ? სტატისტიკურად ჩვენი ქვეყნიდან ყველაზე მეტი ადამიანი სამუშაოდ რუსეთში  მიემგზავრება, მათ შორის არალეგალური გზითაც. 

55 წლის დიასახლისმა, გაიანე მარიკიანმა  ბევრი არაფერი  იცის ევროკავშირის მხარდამჭერი პროგრამების შესახებ. გვეუბნება ამის საჭიროება არ გვაქვსო. „ჩვენ მშრომელი ხალხი ვართ. სამუშაოდ პირდაპირი კავშირი კი – რუსეთია,“ – გვეუბნება დიასახლისი. „არც ინფორმაცია გვაქვს შეიძლება თუ არა ევროკავშირის ქვეყნებში წასვლა სასწავლებლად ან სამუშაოდ,“ – ამბობს გაიანე და ისევ რუსეთში მიგრაციის თემას უბრუნდება: „ჩვენი შემოსავლის ნახევარზე მეტი რუსეთიდანაა.“

პირადად არ გამოუყენებია ევროკავშირის პროგრამები, მაგრამ ამ შესაძლებლობის შესახებ იცის, 19 წლის სტუდენტმა ანი მურადიანმა, თუმცა იქვე ამბობს, რომ მის სოფელში, ღადოლარში,  მცხოვრებმა მოსახლეობამ ამ საკითხზე ბევრი არაფერი იცის. 

„ჩემს თანასოფლელებს ევროპის შესახებ არ აქვთ ინფორმაცია, რადგან არ დადიან ევროპაში. ისინი ძირითადად რუსეთში მიემგზავრებიან.“

მანი ფაშაიანი

„დაქალი მყავს, უნდა წასულიყო ევროპაში სასწავლებლად „Erasmus +”-ის ფარგლებში, მაგრამ კორონას გამო გადაიდო“ – გვეუბნება ჩაფიქრებული მანი ფაშაიანი. „სწავლებაც კარგი ყოფილა და თან დაფინანსებულიაო გამიგია, ჩემს სოფელშიც ვრცელდება ინფორმაცია, მაგრამ მუშაობის მხრივ მაინც რუსეთს ირჩევენ. ახლა ყველა წასულია ვისაც რუსული პასპორტი აქვს, დანარჩენები ვერ მიდიან, პანდემიამ გააჩერა.”

მანისგან განსხვავებით, მალხაზი გვეუბნება, რომ ინფორმაცია არ ვრცელდება მის თემში. მალხაზ დარბაიძე ადიგენში, სოფელ სმადაში ცხოვრობს. ევროპაში წასული მხოლოდ ისინი ახსენდება, ვინც მოხუცებს უვლის.

„ჩემს სოფელში(აზავრეთი) და რეგიონში (სამცხე-ჯავახეთი) ინფორმაცია ვფიქრობ არ ვრცელდება,“– გვეუბნება წაღიკ სერობიანი. იგი სტუდენტია და როგორც გვიყვება, საკუთრივ მას ევროკავშირის პროგრამების შესახებ ინფორმაცია აქვს. მეტიც, ნათესავიც ჰყავს, რომელიც სავიზო ლიბერალიზაციის შემდეგ ევროპაში სწავლობდა და მუშაობდა.

გურანდა იაკობაძე

“გურანდა იაკობაძის რძალი იყო ევროკავშირის ქვეყანაში ერთი წლით წასული, სასწავლებლად და სამუშაოდ”,- ეს გაიხსენა ლაპარაკისას 18 წლის აბიტურიენტმა, ადიგენიდან. რაც შეეხება თემში ინფორმაციის გავრცელებას გვპასუხობს , რომ  „მუნიციპალიტეტში ამის შესახებ ბევრი არაფერი გაუგია.“

„რაც შეეხება სავიზო ლიბერალიზაციას, პირველ რიგში ვფიქრობ, რომ უვიზო მიმოსვლის დადებითი მხარე ისაა რომ ხალხს რომელიც სამუშაოდ მოკლევადიანი ვიზიტით მიდის არ უწევს ფულის გადახდა ვიზაში. ეს ნაკლები ხარჯია მათთვის და რა თქმა უნდა, უფრო ხელმისაწვდომია.“

თამარ ბერიძე

ნინოწმინდაში მცხოვრებ აბიტურიენტს, თამარ ბერიძეს გადაწყვეტილიც კი ჰქონდა ესარგებლა ევროკავშირის გაცვლითი პროგრამებით „ვეძებდი სხვადასხვა გაცვლით პროგრამას და უნივერსიტეტებს. შემდეგ სხვა პროფესიაზე ჩაბარება გადავწყვიტე და შევეშვი. „Erasmus +” პროგრამით მინდოდა წასვლა ევროპაში.“ აქვე იხსენებს, რომ მისი სოფლიდან ევროპის ქვეყნებში სასწავლებლად  რამდენიმე წასულა, თუმცა სამუშაოდ რუსეთს ირჩევენ „ძირითადად ჩვენი რეგიონიდან რუსეთში მიდიან სამუშაოდ, ჩემი მეგობრის მამა იყო რამდენიმე წელი.“

ნინოწმინდაში ცხოვრობს 23 წლის ანი აროიანი. მას სურდა თავის თემში ჩატარებულიყო ტრენინგები, რითაც მოსახლეობას უფრო მეტს მოუყვებოდნენ ევროკავშირის შესახებ. “ნათესავები მყავს, რომლებიც არიან ევროპაში, მუშაობის და სწავლის მიზნით. პირადად მე ტურისტული, მოკლევადიანი ვიზიტით ვიყავი.”

ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წელს საქართველოდან რუსეთში 6,345 ადამიანი წავიდა, ხოლო 4,314 მოქალაქე უკან დაბრუნდა. სტატისტიკა მზარდია. 2010 წელს რუსეთში ქვეყნიდან 5,245 ადამიანი წავიდა, ხოლო მომდევნო წლებში ემიგრანტთა რიცხვმა მოიმატა. მოიმატა უკან დაბრუნებულთა რაოდენობამაც.

რაც შეეხება ევროკავშირში მიგრაციას, ამ კუთხით  2015-16 წლებში ევროკომისიამ სულ 206 573 განაცხადიდან, 179 938 ვიზა გასცა.

2017 წლის 8 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს ,ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მიეცათ. რის შემდეგაც, შენგენის ვიზებზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა და 2018 წელს ვიზა საქართველოს 2 927-მა მოქალაქემ მოითხოვა, რომელთაგან თანხმობა 1 926-მა მიიღო. 

2017-18 წლებში საქართველოს მოქალაქეთა მიერ ევროკავშირის/შენგენის მიმართულებით განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა სულ 580,608 ადამიანს შეადგენს.

­ასევე, 2018 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა განცხადებების რაოდენობამ 19,290 შეადგინა, რომელთაგან დადებითი გადაწყვეტილება მხოლოდ 695-მა ადამიანმა მიიღო. ხოლო უარყოფითი პასუხი 13,700 ადამიანს მიუვიდა. საქართველოდან თავშესაფარს ძირითად საფრანგეთსა და გერმანიაში ითხოვდნენ.

„სტატისტიკა არასდროს არის სრულყოფილი, რადგან საქართველოდან ბევრი ადამიანი გადის არალეგალურად. მაშასადამე იგი ოფიციალურად არ აღირიცხება,“ – გვეუბნება არასამთავრობო ორგანიზაცია „მიგრაციის ცენტრის“  აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი გოგიშვილი.


გიორგი გოგიშვილი

„სამცხე-ჯავახეთში არ არიან დაკავებულები მიგრაციის თემით არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო დონეზე და ამიტომ სტატისტიკაც კი არ გვაქვს, არამარტო სამცხე-ჯავახეთის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენი ადამიანია წასული. ყველაზე მთავარია გვქონდეს სტატისტიკა თუ რამდენი ადამიანი გადის ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთში.  გარდა ამისა ქვეყანა არ სთავაზობს მოსახლეობას დასაქმდეს თავიანთ თემში და განავითარონ თუნდაც სოფლის მეურნეობა ან სხვა რაიმე დარგი. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ცხადდება სხვადასხვა გრანტი, ამის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია არ აქვს და არ იციან თუ როგორ ჩაერთონ საგრანტო კონკურსებში. სახელმწიფოს არ აქვს რესურსი და ხშირ შემთხვევაში ალბათ ინტერესიც, რომ მოქალაქე დასაქმდეს საქართველოში,“ – გვიყვება გოგიშვილი.

კითხვაზე: თუ რატომ მიემგზავრებიან ქართველები რუსეთში სამუშაოდ და რას სთავაზობს რუსული ბაზარი მათ? – გოგიშვილი გვპასუხობს:

„ისტორიული ფაქტორიც განაპირობებს რუსეთში მიგრაციას. ასევე რუსულენოვანი მოსახლეობაც ბევრად მეტია და შესაბამისად რუსეთში მუშაობაც ბევრად ადვილია, რადგან კომუნიკაციის ენა იციან. როგორც წესი, ჩასული ემიგრანტი საქმდება „მეორად“ სამუშაოზე, მაღალ კვალიფიცირებული პირები არ არიან და რუსეთის ბაზარზე ეს მისაღებია. თუ ევროპაში მნიშვნელოვანია შესრულებული სამუშაოს ხარისხი, რუსეთში ჯერ კიდევ მისაღებია დაბალი ხარისხი, რაც უადვილებს ემიგრანტს დასაქმებას.“